პრემიერი: კახეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები გაიხსნება

„ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია რეგიონისთვის. კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი“ – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ  წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: ,,რედისონი წინანდალი“, ,,ჰოლიდეი ინი თელავი“.

მისივე თქმით, 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები ,,გოლდენ ტიულიფი“ და ,,ვილა გოდოლი“.

„ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კახეთში ასევე დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე  ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. მე უკვე ვთქვი და მინდა ახლაც გითხრათ,

რომ ჩვენ განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე. იცით, რომ თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში.

კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე“, – განაცხადა პრემიერმა.

">