პრემიერი: „მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ატირაჟირებს“

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას გია გაჩეჩილაძესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც გაჩეჩილაძემ სამთავრობო გუნდის წევრების მიმართ გააკეთა.

„როგორც კი მისი გზავნილი მივიღე, დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, რომ ის გარკვეული დეტალებში იყო თუ არა კონკურენტული გარემო დაცული. მან მოიკითხა შესაბამის ინსტიტუტებში და მივიღე ამომწურავი პასუხი. მე დავასკვენი, რომ აბსოლუტურად ყველანაირი კანონი იყო დაცული ტენდერში და რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემის გუნდის წევრის მიმართ, საერთოდ არ გავაკეთებდი კომენტარს“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, გია გაჩეჩილაძის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ამას მოყვა პოლიტიკური ქარიშხალი – გადადგება გადმოდგება და ა.შ. მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ატირაჟირებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით“, – აცხადებს პრემიერი.

">