პრემიერი „ევროპული საქართველოს“ მომზადებულ დასკვნას აკრიტიკებს

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მომზადებული დასკვნა პოლიტიკურ შეფასებებს შეიცავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

„ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები. მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, მთავარია დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი, ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია.

კომისიის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებისთვის და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება ან, მით უმეტეს, პოლიტიკური შეფასება. ვინაიდან, როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, ეს, რა თქმა უნდა ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აცხადებს პრემიერი.

">