პრემიერი: ექსპორტი 2018 წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა

პრემიერმინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის EFF პროგრამის წარმატებით დასრულებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა. მის განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია გახლდათ საქართველოში და მინდა აღვნიშნო, რომ ვიზიტის შედეგად ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

მინდა, მადლობა გადავუხადო მისიის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისთვის, რათქმაუდა ადგილობრივ წარმომადგენლობას და მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომლის დახმარებაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი – ფისკალური მაჩვენებლების გაჯანსაღების კუთხით, ქვეყნის სუვერენული ბალანსის გაჯანსაღების კუთხით და რათქმაუნდა, საგადასახდელო ბალანსის გაჯანსაღების კუთხით, რაც სახეზეა და ეს, რათქმაუნდა, არის წარმატებული რეფორმების განხორციელების შედეგი.

უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობის პროგრამა, რომელი ჩვენ გვაქვს საერთაშორისო  სავალუტო ფონდთან სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ ძალიან დადებითად იქნა შეფასებული პროგრამის მიმდინარეობა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს გვქონდა, 2018 წლის დასაწყისი ასევე არის ძალიან კარგი.

მოგეხსენებათ, რომ 2017 წელი ჩვენ დავხურეთ 5%-იანი ზრდით, 2018 წლის დასაწყისში, 2 თვის ჯამით, გვქონდა 4.9%, თუმცა თებერვლის დინამიკა კიდევ უფრო უკეთესი იყო, ვიდრე იანვრის და  5.5% გახლდათ ზრდა.

ერძო სექტორში 2017 წელს ბრუნვები 19%-ით გაიზარდა და შეიქმნა 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რომელიც მუდმივად პრობლემა გახლდათ – 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7% შეადგინა, რაც ძალიან სერიოზული გაჯანსაღების შედეგია.

2017 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით – მილიარდ 862 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-იანი ზრდაა.

რეინვესტირებამ, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რეინვესტიციები, ეს ნიშნავს, რომ ის თანხა, რომელიც კომპანიას შეეძლო გაეტანა ქვეყნიდან და დიდწილად, ასე ხდებოდა, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩა ქვეყანაში, რეინვესტირდა  ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში და ეს გახლავთ 130%-იანი ზრდა, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქონლის ექსპორტი – 2018 წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – ასევე, 28%-ით. ფულადი გზავნილები – 20%-ით გაიზარდა.

რათქმაუნდა, სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეს პოზიტიური დინამიკა აისახა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებაში. კერძოდ, სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა, რომელიც გახლავთ სამ უმსხვილეს სარეიტინგო კომპანიას შორის  გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. ხოლო Fitch-მა, რომელიც ასევე ერთ-ერთია ამ სამ კომპანიას შორის,  გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მომავლის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. 

ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი და ის კურსი, რომელიც არის აღებული ხელისუფლების მიერ, არის სწორი და განსაზღვრულია იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახზე აისახოს ეს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ რეფორმირების პროცესი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენამ იგრძნოს საკუთარ შემოსავლებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თანამშრომლობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია გახლავთ ის, რომ კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდში არის ძალიან კარგი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ჩვენგან მიდის პარლამეტში, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სრულფასოვნად მუშაობდეს. ვფიქრობ, ეს წარმატება გამოხატულებაა ამ ძალიან კარგი კოორდინაციის“, – აცხადებს პრემიერი.

">