„პირადად მე ვეთანხმები კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება“

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო პაკეტზე კონსულტაციებისთვის დამატებით დროს გამოიყენებენ. მისივე თქმით, საზოგადოებაში კანონპროექტის იმ ნაწილმა, რომელშიც საუბარია ფარმაცევტული მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის საკითხზე, კითხვები გააჩინა.

კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ჩანს, კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია არსებობს. ბევრად მეტი დისკუსია გამოიწვია კანონპროექტის მეორე ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების თითქმის ყველა წრეში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ან ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ზუსტად რა იგულისხმება, ან ჩვენ თავად გვჭირდება, რომ მეტად მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პირადად ის მარიხუანას ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის ნაწილს და ექსპორტის მიზნებისთვის გამოყენებას ეთანხმება. ჩუგოშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საპატრიარქოს აზრს დიდი გავლენა აქვს.

„ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის ნაწილს და ექსპორტის მიზნებისთვის, პირადად ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

">