„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. დელეგაციის წევრები შეხვედრებს რუსეთის სათათბიროს წარმომადგენლებთან გეგმავენ. ადა მარშანიას განცხადებით, ისინი მოსკოვში  მძიმე საკითხებზე სასაუბროდ მიდიან, მათ შორის ერთ-ერთი იქნება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე.

„ჩვენ მივდივართ მოსკოვში ძალიან ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ და რასაკვირველია, ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს. გვინდა მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია, რამდენადაც ეს გამოგვივა.

ის რომ ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ, ეს ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება. ზუსტად ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე საჭირბოროტო, ყველაზე მძიმე პრობლემურ საკითხებზე, აღსავსეა ჩვენი ურთიერთობა ტრაგედიებით, ვისაუბროთ და ბოლოს და ბოლოს შევაჩეროთ, თუ დავამთავროთ არა.

რასაკვირველია დავაყენებთ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საკითხს, თუ ჩვენ შევძლებთ რაღაცის გაკეთებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს, რასაკვირველია ჩვენ ამას მოვინდომებთ“,-განაცხადა ადა მარშანიამ.