„პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარების თაობაზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს

„პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარების თაობაზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს. ინაშვილის განცხადებით, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო ვერ აშენდება, თუ დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხს არ აგებენ. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარს 300 ათასი ადამიანი უჭერს.

„მძიმე შეხვედრა გვაქვს, რადგან რეზოლუციაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. ამ ადამიანებს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი ფიზიკურად გაუსწორდა. რეზოლუცია საქართველოს პარლამენტის მიერ უნდა იყოს მიღებული, რადგან ეს პარლამენტის ღირსების საკითხია. სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ დანაშაულის ჩამდენები პასუხს არ აგებენ. აქ მყოფი ადამიანები ხმას მაშინ იმაღლებდნენ, როცა საზოგადოება სდუმდა, მათ ოჯახის წევრები დაკარგეს. წინა ხელისუფლების რეჟიმმა ადამიანებს არა მხოლოდ სიცოცხლე მოუსპო, არამედ უამრავ მათგანს ქონება წაართვა და საქართველოს 20 პროცენტი დააკარგვინა.

დღეს დამნაშავეები საგამოძიებო კომისიას ქმნიან და ჭკუას გვიკითხავენ, რა არის დემოკრატია. ისინი, ვინც წინა ხელისუფლების უშუალო ხერხემალი იყვნენ, დღეს პარლამენტში ლექციას გვიკითხავენ, რა არის ადამიანის უფლებები. პარლამენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. თუ სამართლიანობა არ აღდგება, დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ”, – განაცხადა ინაშვილმა.

 

">