პაპავა: მენეჯერულმა მიდგომამ დაღუპა საქართველო

ეკონომისტი ლადო პაპავა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ურჩევს რომ „რაც შეიძლება მალე დაივიწყოს თავისი წარსული“. ამის შესახებ პაპავამ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს „მენეჯერები“ არ სჭირდება. პაპავას განცხადებით, ქვეყანას უნდა მართავდნენ პროფესიონალი სახელმწიფო მოღვაწეები.

„რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს ბატონმა მამუკამ თავისი წარსული, იმიტომ რომ რკინგზას სჭირდებოდა მენეჯერი. ფინანსთა მინისტრი არ შეიძლება იყოს მენეჯერი. მთავრობის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მენეჯერი. მენეჯერულმა მიდგომამ დაღუპა საქართველო. დაღუპა საქართველო სააკაშვილის დროს და იგივე ხდება „ქართული ოცნების“ დროს. მენეჯერის ადგილი არის ბიზნესში. ქვეყანას უნდა მართავდნენ პროფესიონალი სახელმწიფო მოღვაწეები.

მენეჯერის მიზანია რაც შეიძლება მეტი ფული აშოვნინოს თავის კომპანიას, რაც შეიძლება გაამდიდროს. ქვეყნის მიზანია რომ მოსახლეობა ცხოვრობდეს უკეთესად. ეს ორი სხვადასხვა მიზანია. განათლებაც სხვადასხვაა. ბიზნეს ადმინისტრირებას ახდენენ მენეჯერები, ხოლო სახელმწიფოსას – საჯარო მოხელეები“, – აცხადებს პაპავა.