PACE-ს დელეგაცია: თავისუფალი არჩევნები აუცილებელია ევროპაში ადგილის შენარჩუნებისთვის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოში ვიზიტის დასრულებასთან ერთად განცხადებას ავრცელებს. დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ტარდება. მან აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია ევროსტრუქტურებში ქვეყნის კანონიერი ადგილის შესანარჩუნებლად.
“ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია იმით, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მოახლოებულ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირების შესახებ დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციის მოსაუბრეების შეშფოთებას დემონსტრაციებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ. ხელისუფლებისგან მოელიან, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებს, თავი შეიკავონ ძალადობის არაპროპორციული გამოყენებისგან და გამოავლინონ თავიანთი უნარი, ძალადობის შემთხვევებში სათანადო და დეტალური გამოძიება ჩაატარონ”, – განაცხადა მან.
როგორც ბულაიმ თქვა, ისინი შეშფოთებულნი არიან ოპოზიციის წევრების შევიწროების შესახებ ცნობებით, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის, დაშინებისა და სიძულვილის ენის შესახებ. მან გაიმეორა ასამბლეის მოწოდება, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმების შესახებ.
გარდა ამისა, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნეს და ამასთან დაკავშირებითაც შეშფოთება გამოთქვა.
“ჩვენი დელეგაცია ინფორმირებული იყო და მივესალმები წინასწარი შედეგების სწრაფ გამოქვეყნებას, რაც შესაძლებელი გახდა ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვით, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას. ასევე აღვნიშნავ ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წამოიწყო. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ უნდა მოქმედებდეს მიუკერძოებლად, არამედ უნდა გამოიყურებოდეს მიუკერძოებელი. თუმცაღა, კანონმდებლობასა და შიდა წესებში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა საარჩევნო პროცესის მიმართ შეიძლება შეარყიოს საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ, ასევე, წამოჭრა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ”, – აღნიშნა ბულაიმ.
PACE-ს ექვსწევრიანი დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იმყოფებოდა. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ცენტრებს, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს, ასევე კომუნიკაციის კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს. მათ შეხვედრები გამართეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან.
26 ოქტომბერს კენჭისყრას PACE-ს 32-წევრიანი დელეგაცია ვენეციის კომისიის იურიდიულ ექსპერტებთან ერთად დააკვირდება.