ოხანაშვილი ადასტურებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მასთან ერთად კიდევ სხვა კანდიდატურებზეც მიდის მსჯელობა, თუმცა, მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რომ მათ შორის, ჩემი კანდიდატურის განხილვაც ხდება. ამასთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი კომენტარი, დამატებით მე რაიმე სახის კომენტარს ვერ ვიტყვი, ვინაიდან ეს არის გუნდის გადასაწყვეტი, გუნდმა უნდა იმსჯელოს და, შესაბამისად, უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. მათიკაშვილი კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

დავით მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარედ მას შემდეგ აირჩიეს, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია, რის გამოც, ბესელია გადადგა.

">