ომბუდსმენი „ჯორჯიან ეარვეისს“ მგზავრის დიკრიმინაციაში ადანაშაულებს

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა  „ჯორჯიან ეარვეისს“. ომბუდსმენის ინფორმაციით, კომპანიამ შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი არ უზრუნველყო ეტლით.

„კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ვებგვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი იყო მითითებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სხვა შეზღუდული მობილობის მქონე იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 72 საათით ადრე გააფრთხილონ ავიაგადამყვანი სპეციალური საჭიროების თაობაზე, ვერ გამოიყენა განკუთვნილი სპეციალური მომსახურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, განმცხადებლისთვის ეტლით მომსახურების დამატებითი ხარჯების მოთხოვნით, განმცხადებელი სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა.

/</a></iframe>