ნოდია: „მან გაბედა იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებები ჰქონდა“

გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერმინისტრობიდან გადადგომას პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგი კვირიკაშვილი იყო სუსტი და უსახური პრემიერი სისტემაში, რომელიც სუსტ და უსახურ პრემიერებს მოითხოვს.

სისტემა ასეთი სუსტი პრემიერების პერიოდულ გაწირვასაც მოითხოვს, რომ „გუნდმა“ ანუ მეფემ პოზიციები შეინარჩუნოს (რამდენად დიდხანს იმუშავებს ასეთი სისტემა, სხვა საკითხია).

ის იყო უფრო აზრიანი და ნაკლებად სასაცილო, ვიდრე მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა საბოლოოდ ისტორიაში მაინც დარჩება პირველ პრემიერად, რომელმაც ოპოზიციის შეკითხვას კარგების (თუ კეთილების? – აღარ მახსოვს) გინებით უპასუხა.

პირადად მის მიმართ აგრესიული განწყობა არასოდეს მქონია, თუმცა მთლად „სისტემის მსხვერპლადაც“ ვერ გამოვაცხადებ. ის თავად დათანხმდა იმ როლს, რაც ჰქონდა.

ღარიბაშვილისგან და სხვა გადაყენებული მინისტრებისგან განსხვავებით მან გაბედა იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებები ჰქონდა და ამას შეეწირა. რაღაც განსაკუთრებულ ვაჟკაცობად ამას ვერ ჩავუთვლით, მაგრამ სხვას ეს არ უთქვამს, ასე რომ დასაფასებელია.

საინტერესოა, სხვა გადაყენებული მინისტრები როგორ მოიქცევიან. აგერ, მიხეილ ჯანელიძემაც გაბედა და კვირიკაშვილს სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადა“, – წერს გია ნოდია.