ნინო გოგუაძე: „ნატოს მიმდინარე სამიტმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში ახალი საკითხები და ფორმატი უნდა გააჩინოს და საბოლოოდ, მთელი ეს პროცესი, ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს”

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველოს დელეგაციის მოლოდინი არის, რომ ეს სამიტი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ახალ საკითხებს და ფორმატს გააჩენს და საბოლოოდ, ბუნებრივია, მთელი ეს პროცესი ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ბრუსელში მიმდინარე ნატოს სამიტს.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებმა პირველად მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს შესახებ, სადაც ქვეყნის ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა და 2008 წლიდან დღემდე საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნაჩვენები ამ მიზნის მისაღწევად.

ასევე პირველი შემთხვევაა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა აქვს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, უმაღლესი დონის შეხვედრის ფარგლებში, კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელოს. საკითხები შეეხება, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს,  ასევე რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს როლს რეგიონული უსაფრთხოებაში.

სამიტის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ საქართველოს ნატოსთან ითანამშრომლებს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებში და ეს იქნება ახლი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

/</a></iframe>