ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მოსამართლეების

მოსამართლეების კლანის ლობირებაში ბრალდებული დეპუტატი მოსამართლეების დასაცავად კონტრბრალდებებით გამოდის. ვანო ზარდიაშვილისთვის მეორე ხარისხოვანია კითხვები – როგორ გამდიდრდნენ მოსამართლეები უმოკლეს ვადებში და რატომ აჭარბებს მათი ქონების ღირებულება დეკლარირებულ შემოსავლებს მნიშვნელოვნად.

როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე გაცილებით უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მოსამართლეები. ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორის წევრებს სწორედ მათი ქონების შესწავლისკენ მოუწოდებს.

„იგივე მიხეილ ჩინჩალაძეზე, რომელიც უკვე 12 წელია, მოსამართლეა და, ალბათ, 30 წელია, საჯარო მოხელეა, აქვს 100 ათასი დოლარი კრედიტი აღებული, ამას იხდის 2004 წლიდან, ასევე ჩინჩალაძეზე შეიძლება ითქვას, რომ ის ქონებები, რაც “რუსთავი 2-მა” ახლა. ვითომ. აღმოაჩინა, შეძენილია 2006 წელს და 2008 წელს. რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ საკითხის ახლა წამოწევა, ეს არის უცნაური. ასევე, მოვუწოდებ არასამთავრობო სექტორს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქონება ამოიღეს და ეს გახადეს დასასაბუთებელი, მე გადავავლე თვალი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის ქონებას, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და “რუსთავი 2” თუ მოინდომებს, დამიჯერეთ, ქალბატონი ნაზის და ანას ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიას თუ დიმიტრი გვრიტიშვილის თუ მამია ფხაკაძის ქონებები,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ “შაბათის კურიერმა” გარკვია, რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებსაც საქართველოს სახელით ათასობით ადამიანისთვის განაჩენი გამოაქვთ.

">