„ნატოს პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატოს პარტნიორი ქვეყნები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში. თუმცა, მისივე თქმით, წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს.

„უდავოა, ნატოს პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსია უმაღლესი დონის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატოს წევრობის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს. ფაქტი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება ამაზე არის სრული კონსენსუსი“, – განაცხადა ზალკალიანმა.