ნათია გობაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების თხოვნით კომისიას მიმართა

 

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ყოფილი მეუღლე, ნათია გობაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების თხოვნით კომისიას მიმართა. „რუსთავი 2“-თან საუბრისას ნათია გობაძემ განაცხადა, რომ ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა იმისთვის, რომ მის შვილს სოციალური დახმარება მიეღო.

„ციხიდან დამირეკა თვითონ, შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა შენი შვილისთვის გავაკეთებ-თქო. მისმა შვილმა დამირეკა, გამომყვები რომ შეწყალება დაწეროო? თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო ამით, შემაწუხაო… იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ „გთხოვთ შეიწყალოთ“. მერე დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა, უარყოფითი პასუხი მომივიდაო“- ამბობს გობაძე.