ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებენ

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებენ. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს მეორე ინსტანციის სასამართლო გაითვალისწინებს.

„პორკურატურის მხრიდან დაუსაბუთებელი არგუმენტების ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა გირაოს საკითხთან დაკავშირებით, ამდენად, ვიყენებთ საპროცესო შესაძლებლობას და აღნიშნულს ვასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში“,-განაცხადა ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 8 პირის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატები -გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

 

/</a></iframe>