მურუსიძეს და ჩინჩალაძეს რომ კოჭი გაუგორონ შეიძლება, ყველაფერი იკადრონ – ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს, ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მოსამართლეების მუდმივად კრიტიკა ისმოდა სწორედ იმ ადამანებისგან, ვინც ახლა მათ უვადოდ დანიშვნას უპირებს.

ამბრაზუმასავით არიან გადაფარებული იმ ადამიანებს, მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვებს, ვისაც მთელი 9 წლის განმავლობაში, ალბათ, არ იყო არც ერთი კალენდარული დღე, როდესაც არ აკრიტიკებდნენ. სისხლის მსმელებს, ზონდერებს, ჯალათებს, რას არ უწოდებდნენ, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. დღეს შეიძლება მურუსიძის და ჩინჩალაძის გამო, რომ მათ უბრალოდ გაუგორონ კოჭი, ყველაფერი იკადრონ. დავალება აქვთ, ხალხნო, ივანიშვილისგან. შეუძლებელია, ეს ესმოდა, მაგალითად, მდინარაძეს წლების წინ და აღარ ესმის ახლა? ახლაც არ მოსწონს, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია, რომ სხვა პოზიცია დააფიქსიროს,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა მელიამ.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საპარალამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც სასამართლო სისტემაში კლანის გავლენის შემცირებას ხელს შეუწყობს.

„საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერა ექნება ყველა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს დღეს სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანის გავლენის შემცირებას, სისტემის გახსნას და თავისუფალი სასამართლოს მიღებას, მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს, კომიტეტის სხდომამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლება ასეთი ცვლილებისთვის მზად არ არის და მათ სჭირდებათ სწორედ დაქვემდებარებული სასამართლო, რომელიც ემორჩილება ხელისუფლების შეკვეთებს. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, არა მხოლოდ კანონპროექტებზე ფოკუსირება, არამედ საზოგადოებრივი ზეწოლის და საზოგადოებრივი წნეხის ორგანიზება ამ თემაზე იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს, რომ საქართველოში აღარ იქნება დახურული სასამართლო სისტემა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმაურიანი განხილვის შემდეგ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.

">