„მთელი ჩინეთი შემოყარეს ქუთაისში, რაჭაში, სვანეთში, ხარაგაულში, თბილისში და ჩვენი ხალხი შორიდან უყურებს მათ ბედნიერ ყოფა-ცხოვრებას“

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო მუშხელი ვერ შემოვა, სანამ არ დასაქმდება ადგილობრივი უმუშევარი და უპატრონოდ მიტოვებული ხალხი.

„რუსულ ოკუპაციას, არაბულ-ირანულ ექსპანსიას დაემატა ჩინური დიქტატურა, ძალადობა, რისი დასტურიც გახლავთ ხარაგაულის რაიონში, გუშინ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა. აღნიშნული კომპანია ქვეყანაში შემოიყვანა ივანიშვილ-ბახტაძე-საგანელიძის დაჯგუფებამ მილიონების მისათვისებლად, ჩვენი ბუნების გასანადგურებლად და ამ პროცესში, რამდენიმე შეტაკების დროს მოსახლეობასთან, წინა წლებში, დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, რის გამოც არავის პასუხი არ უგია.

ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს კომპანია, როგორც მოძალადე, დაუყოვნებლივ დატოვებს საქართველოს და ჩვენს ტერიტორიაზე უცხო მუშახელი ვერასდროს შემოვა, სანამ არ დასაქმდება ჩვენი უმუშევარი და უპატრონოდ მიტოვებული ხალხი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, უცხოეთიდან გარკვეული კვალიფიკაციის მუშახელის მოწვევაზე და არა ისე, მთელი ჩინეთი რომ შემოყარეს ქუთაისში, რაჭაში, სვანეთში, ხარაგაულში, თბილისში და ჩვენი ხალხი შორიდან უყურებს მათ ბედნიერ ყოფა-ცხოვრებას და კიდევ ითმენს მათგან განხორციელებულ ძალადობას“,-განაცხადა ნათელაშვილმა.

 

">