აუდიო ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის განცხადება

მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. ამ ეტაპზე სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილი აუდი ჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მიმდინარეობს ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირების გამოკითხვის პროცესი.

თბილისის პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებულია ზ.ო., თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, იგი იმყოფება დიდ ბრიტანეთში და მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. ასევე საზღვარგარეთ იმყოფება საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ი.ჩ., რომელიც ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დაიკითხება მოწმის სახით.

გარდა ამისა, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს, მოწმის სახით გამოიძახა ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და ისინი საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან.

ამასთან, გამოძიებამ, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია.

დაიკითხება ჩანაწერებში მოქმედი ყველა პირი და დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას“, – წერია განცხადებაში.

">