„მსოფლიოს არ დავიწყებია 2008 წლის მოვლენები“

დღეს ვარ საოკუპაციო ხაზთან, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია 2008 წლის მოვლენები, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ოძისში განაცხადა, სადაც ის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, აშშ არ აღიარებს გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს.

„ათი წლის წინ აქ იყო ომი და დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა.

ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს“, – განაცხადა მიტჩელმა.

მისი თქმით, აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, როგორც მიტჩელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და მისი უსაფრთხოების ერთგულია.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების აღიარება და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მიმოსვლას აღნიშნულ რეგიონებში.

შეერთებული შტატები არის ერთგული საქართველოს და მისი უსაფრთხოების. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი და საქართველო იყოს წარმატებული, დემოკრატიული ქვეყანა“,- განაცხადა ვეს მიტჩელმა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნო.

">