მოვლენები, რაც ხდება მამუკას და ბადრის გარშემო, ხელს უშლის ანაკლიის პორტის პროექტს – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი

მამუკა ხაზარაძემ და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტის განცხადებას უპასუხეს, სადაც მამუკა ბახტაძემ თიბისის საქმესა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ბანკის ირგვლივ „პრობლემა ამოწურულია.“ რაც შეეხება ანაკლიის პორტს, პრემიერის თქმით, მთავრობა იყო სწორედ პროექტის ინიციატორი და მისი მტკიცებით, საქართველოს ღრმაწლოვანი პორტი აუცილებლად ექნება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტიპროექტი როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

ახვლედიანი ასევე, გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტორებთან ანაკლიის პორტზე მოლაპარაკებების დროს ფინანსური საკითხის დახურვისთვის 8 მთავარ პუნქტზეა მოლაპარაკებები.

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ფინანსური საკითხის დასახურად საჭიროა, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ რვა პუნქტიანი სია დროულად შესრულდეს.

აღნიშნული პუნქტებიდან კი ხელისუფლებისთვის პრინციპულია საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიების მოთხოვნა.

ახვლედიანის თქმით, ეს პირობები ახლა შეცვლილია, რადგან საერთაშორისო ინვესტორებმა ამჯერად სხვა პირობების წარმოდგინეს. ის იმედოვნებს, რომ კომპრომისული ვარიანტის მოძებნა შესაძლებელი იქნება.

„ის, რაც ბანკებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წინა კვირას გამოაგზავნეს, იყო ცოტა შეცვლილი – ნაკლებად არის გარანტიის ფორმა და არის უფრო ფინანსური ვალდებულებების ოფცია, უფლება, რომელიც ექნება მთავრობას. გარკვეულწილად კომპრომისული პირობებია მათი მხრიდან,“ – ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები და დაწყებული გამოძიება, შეიძლება ჩაითვალოს ანაკლიის პორტის მიმართ ხელისშემშლელ ფაქტორად.

ლევან ახვლედიანი-ის სურათის შედეგი„ის მოვლენები, რაც ხდება ბატონი მამუკას და ბადრის გარშემო და პროკურატურის საქმე, ეს არის, რაც უშლის ხელს ჩვენს პროექტს და ჩვენ ყოველთვის ამას ვუსვამთ ხოლმე ხაზს, რომ ეს გვიშლის ჩვენ როგორც კონსორციუმს, რომელიც უკვე ოთხი წელია ჩართულია ამ პროექტში და ასევე დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ამ პროექტის აქამდე მოყვანაში. ეს არის პროექტი, რომელიც ხორციელდება კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მიზანშეწონილი და უპრიანი სტრუქტურა,“ – ამბობს ახვლედიანი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პორტის მშენებლობა სირთულეების მიუხედავად არ შეჩერებულა და მხოლოდ ფინანსურ დახურვაზე იყო საუბარი.

დღესვე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” კომპანია HYUNDAI SAMO HEAVY INDUSTRIES -ისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ანაკლიის პორტს ამწეებს ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია, HYUNDAI SAMO HEAVY INDUSTRIES მოაწვდის.

HYUNDAI SAMO HEAVY INDUSTRIES-ის ვიცე-პრეზიდენტი, იუნგ ჰოიო იმედოვნებს, რომ ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას შეძლებენ.

„ჩვენსა და ანაკლიის განვითარების კომპანიას შორის კარგი პარტნიორობის საფუძველზე, შეგვიძლია, ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ. განსხვავებული იქნება საქართველოში პორტიც, ამაში დარწმუნებული ვარ, სწორედ ჩვენი პარტნიორობიდან გამომდინარე,“ – განაცხადა იუნგ ჰოიომ.

8 პუნქტიანი სიის შესახებ შეხვედრა კი, რომელსაც ხელისუფლების, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლები დაესწრებიან, აპრილის დასაწყისში გაიმართება.

">