მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ხარვეზიანი პროცესი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ბესელიას ინიციატივას ეთანხმებიან

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის  შეჩერებას გულისხმობს, მხარდამჭერები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორისაც გამოუჩნდა.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ სისტემას სერიოზული ხარვეზები აქვს, რადგან კანდიდატების შერჩევა სუბიექტურად ხდება და ამიტომ აუცილებელია მისი შეცვლა.

პარალელურად საბჭოს წევრებს აინტერესებთ, კანონის დამტკიცების შემთხვევაში რა ბედი ელით უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს, რომელთა ნაწილიც ე.წ სასამართლოს კლანის წევრები არიან.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ხარვეზიანი პროცესი, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, 50%-ზე მეტი მოსამართლეებისა უკვე დანიშნული არიან უვადოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ ამ ადამიანებზეც უნდა ვიფიქროთ, რა რეჟიმში მოექცევიან ისინი. ლევან მურუსიძე, გვრიტიშვილი, სხვები, ვინც საბჭოში არიან, მათი უმეტესობა უკვე დანიშნული არიან უვადოდ. ისე არ გამოვიდეს საბოლოო ჯამში, რომ ეს გავრცელდეს რაღაცა მოსამართლეების ნაწილზე და არა ყველაზე,“-განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ბესელიას ინიციატივას ეთანხმება სამოქალაქო სექტორის ნაწილიც, მაგრამ საწყისს ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ეკა ბესელია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, ოთარ ჩრდილელი, დავით  ჭიჭინაძე.

">