მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებაზე გუნდის ვერცერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია

მოსამართლეთა 10-კაციანი სიის განხილვის შეჩერებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ ასარჩევ მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერება გუნდური გადაწყვეტილებაა და ეს არ უკავშირდება კონკრეტულად რომელიმე წევრის, მათ შორის, არც ეკა ბესელიას პოზიციებს.

„სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, პირველი, საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და, მეორე, პროცედურის და კრიტერიუმების შემუშავება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერცერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება მონოპოლია. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ის დისკუსია, რომელიც გუნდსა და საზოგადოებაში იყო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იყო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერება და კრიტერიუმების შემუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შედეგია.

">