მოსამართლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტი – სამუშაო ჯგუფი შეხვედრას მართავს

ამ წუთებში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი რიგით მესამე შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, ოპოზიცია და პარლამენტის თავმჯდომარე. თუცა ამ შეხვედრაზე არ იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი სამუშაო ჯგუფს, ბოიკოტს უცხადებენ.

დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა უნდა განიხილონ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტი, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას კვლავ რჩება ფუნქცია პარლამენტისთვის მოსამართლეთა წარდგენის, რაც არაკონსტიტუციურია. “ევროპული საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სწორედ ამ ფუნქციის შეზღუდვას ითხოვს.

კანონპროექტის ამ ნაწილს აპროტესტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც. მისი თქმით, ამ ეტაპზე მას არ მიეცა საშუალება, რომ სრულყოფილად გაცნობოდა დოკუმენტს, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედ შემადგენლობას დარჩა უფლება შეარჩიოს მოსამართლეები მისთვის მიუღებელია.

დოკუმენტის მიხედვით მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმად ორი მთავარი კომპონენტი განისაზღვრა. ესენია: კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება.

">