მოსამართლე “ბასიანის”ინციდენტის საქმეზე: ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა, არ იყო ნასამართლევი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით  გირაო და არა პატიმრობა კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს. 

“მე შევაფასე, რომ არ იყო სავალდებულო  პატიმრობის გამოყენება და მივიჩნიე, რომ გირაოს უზრუნველყოფდა, ვინაიდან ის აღიარებდა, ინანიებდა, არ იყო ნასამართლევი.

საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიძლება, ყოველთვის ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.

სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. აპელაცია იმიტომაც არის, რომ უნდა შეამოწმოს და ამის უფლება გააჩნია მას”- განაცხადა შონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბადრი შონიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ კლუბ კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით სააპელაციო სასამართლომა შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შესახებ.