მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ლიდერია და პარტიაში ყველა ცვლილება მისი ინიციატივით ხდება

მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ლიდერია და პარტიაში ცვლილებები მისი ინიციატივით ხდება – გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პარტიის ლიდერმა ყველაზე სწრაფად იგრძნო პარტიაში მართვის სისტემის გაძლიერების აუცილებლობა.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ განცხადებაში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიონ. ვაშაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის დატოვებას აპირებს.

თავად ვაშაძე პარტიის ლიდერს ნდობისთვის მადლობას უცხადებს და ამბობს, რომ დელეგატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

​„ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავმჯდომარედ ამას ყრილობა იტყვის, რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას ნდობისთვის დიდი მადლობა დანარჩენი ყველაფერი დელეგატების გადასაწყვეტია.

ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, უკვე მომესმა რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის,მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, ამ პარტიის ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიაში ხორციელდება მისი ინიციატივით ხდება.

იმიტომ, რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ახლა ჩვენ შევდივართ პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემას და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს. ვიდეო მიმართვაში, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დღეს დილით გაავრცელა, საუბარია პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე.

სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

">