„მივედით იქამდე, რომ ეს ჰაერში გასროლილი არასერიოზული გამონათქვამი კარასინმაც შეაფასა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არასერიოზული და ზედაპირული იყო.

„მივედით იქამდე, რომ ეს ჰაერში გასროლილი არასერიოზული გამონათქვამი კარასინმაც შეაფასა, თუმცა სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ შეხვედრა შესაძლებელია და ამას მომზადება სჭირდება, ვითომ მარგველაშვილმა არ იცის, რომ ამას მომზადება სჭირდება და არასერიოზული, ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს ყურადღება მაინც და მაინც. არ იყო საჭირო ამ განცხადების გაკეთება, კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. მომზადება ნიშნავს იმას, რომ ვითარება უნდა შეიქმნას, რომ წინასწარი მოლაპარაკებები უნდა იყოს. არც ვითარებაა, არც მოლაპარაკებებია ამასთან დაკავშრებით< ტერიტორიები ოკუპირებულია, ასე რომ წინაპირობების შექმნაზე უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტმა თუ მას სერიოზულობაზე აქვს პრეტენზია“,-განაცხადა ვოლსკიმ.

მოსკოვში არ გამორიცხავენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრეს – ამის შესახებ რუსული РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე გრიგორი კარასინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თეორიულად შესაძლებელია შეხვედრა ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა, ამას მომზადება სჭირდება“, – ციტირებს კარასინს რუსული სააგენტო.

კარასინმა აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ გააკეთა. მარგველაშვილის თქმით, საქართველო რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს.