მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით პირველად ისტორიაში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

„აღსანიშნავია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, პირველად ისტორიაში გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება. ეს ღონისძიება მიეძღვნება უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს როლს ევროპულ პოლიტიკაში და ჩვენს პროგრესს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე ღონისძიების ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოს, როგორც ევროპული კულტურის ნაწილზე, წარვუდგინოთ საქართველო გერმანულ საზოგადოებას და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის, ჩვენი როლის და კულტურული კავშირების წარმოჩენისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით კონფერენციის ფარგლებში საქართველოდელეგაციას საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს. დელეგაცია, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებთან, რაც მიხეილ ჯანელიძის შეფასებით კარგი შესაძლებლობაა საქართველოს პოტენციალის წარმოსაჩენად.

„პრემიერმინისტრს ექნება შესაძლებლობა წარმოაჩინოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძვრები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და საქართველოს როლი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მნიშვნელობას საერთაშორისო ბიზნესისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების სხვა წარმომადგენლებთან, წამყვანი საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.

">