მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დაკავებულის ინტერესების დამცველები მინდია გოგოჭურის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადვოკატებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გოგოჭურს საზღვარგარეთის პასპორტი ჩაებარებინა.

ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე შესთავაზეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა, არა ფულადი თანხის, არამედ ქონების უზრუნველყოფით.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, გოგოჭურს შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა, ან გამოძიებას მიმალვოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მ.გ. 2018 წლის 6 დეკემბერს ქ.თბილისში, ამაშუკელის ქუჩა N22 ბინა N25-ში დააკავეს, სადაც იგი იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. და გ.რ. შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს.

“ბრალდებულ მ.გ.-ს საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს ს.ს.კ. 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წყარო: რუსთავი 2

">