მიმდინარე პროცესები არ დააზარალებს “თიბისი ბანკს” – საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

ეროვნული ბანკის მიერ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობიდან ჩამოცილების მოთხოვნას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ეხმაურება.

ძნელაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში რაიმე სახის დარღვევას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სებ-ის მოთხოვნით “თიბისი ბანკი” არ ზარალდება.

ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ “თიბისი ბანკი” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და აღნიშნული ცვლილებები ბანკის საქმიანობას არ დააზიანებს.

თიბისი ბანკი არის წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და აღნიშნული პროცესი არ შეუშლის მის ფუნქციონირებას ხელს და არ შეარყევს ფინანსურ მდგომარეობას, რაც ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და “თიბისი ბანკის” მენეჯმენტმაც, რომ “თიბისი ბანკი” აგრძელებს სტანდარტულად მუშაობას და არანაირი ცვლილებება მის მენეჯმენტში არ ხდება. ფინანსური ინსტიტუტები აგრძელებენ სტაბილურ საქმიანობას ქვეყანაში და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავერიდოთ და მაქსიმალურად გავარიდოთ პოლიტიკა თუნდაც ჩვენს განცხადებებსაც და აღნიშნულ პროცესსაც,” – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. “თიბისი ბანკმა” სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

">