მიითვისა თუ არა მაგთიმ მილიონობით ლარი ჩვენი მოტყუებით?

გასული წლის 1 ნოემბერს სრულიად საქართველოს მოსახლეობას მაგთისაგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მოუვიდა, რომელშიც ახსნილი იყო თუ რა მიზეზით და რამდენით უძვირდებოდა მოსახლეობას IP TV-ს ტარიფი:

2017 წლის დეკემბრიდან „მაგთიკომმა“ გააძვირა შესაბამისი მომსახურების ტარიფი და მოსახლეობას, ყოველი თვის საანგარიშო პერიოდში, დაუწესა დამატებითი გადასახადი.

„ნიუსჯი“ შეეცადა გაერკვია  თუ რამდენად შეესაბამებოდა „მაგთიკომის“ განცხადება სიმართლეს და რამდენად ხდებოდა ამ დამატებითი გადასახადის მიმართვა მაუწყებლობების ტრანზიტის უზრუნველსაყოფად.

პირველ რიგში, ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო თუ რა თანხაზე იყო საუბარი. თუ ვენდობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშს, მიმდინარე წლის იანვრის პერიოდისათვის „მაგთის“ IP ტელევიზიის უნიკალურ მომხმარებელთა რიცხვი 260 000-ს აჭარბებს. შესაბამისად, უხეში დათვლებით, „მაგთიმ“, ტარიფის 2 ლარით გაზრდით, ბოლო 4 თვის განმავლობაში მომხმარებლებისგან დამატებით 2 081 488 ლარი (260 186 – (მომხმარებელთა რაოდენობა) * 2 ლარი (დამატებითი თანხა) * 4 თვეზე) ამოიღო.

ჩვენ დავუკავშირდით კომპანია მაგთის“, შპსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა  („რუსთავი 2“, კომედი, მარაო) და „ტელეკომპანია იმედს“, სადაც ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე – რამდენად ხდებოდა ტრანზიტორის მიერ მაუწყებლობის გატარებისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურება – პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით 2017 წლიდან დღემდე, „მაგთის“ მიერ მომხმარებლებისთვის დაწესებული გაზრდილი ტარიფიდან არც ერთი თეთრი არ გადაურიცხავს ამა თუ იმ სატელევიზიო არხისთვის, რაც საკმაოდ ბევრ შეკითხვას აჩენს. სწორედ ამის შესახებ საუბრობდნენ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც მაგთის და ტელეკომპანია იმედს ფარულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ.  ეჭვები ტარიფების ხელოვნურად და კონსპირაციულად ზრდის შესახებ მეტ ლეგიტიმაციას იძენს – გამოდის რომ მაგთიმ“ მოტყუებით მომხმარებლების ხარჯზე, ყოველთვიური შემოსავალი 520 372 ლარით გაიზარდა (წელიწადში 6 244 464), რაც მსგავსი კომპანიების ისედაც უზარმაზარი შემოსავლების ფონზეც კი „შთამბეჭდავია“.

 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მაყურებლისთვის?

მაგთიკომსა და  სატელევიზიო არხების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება სიგნალის ტრანზიტის საფასურის გადახდაზე, საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად ქმნის პრეცენდენტს, რომლის საფუძველზე  სხვა ტრანზიტორმა კომპანებმა იძულებით უნდა შეისყიდონ  სამაუწყებლო სიგნალი და თითო მომხმარებელს გადაახდევინონ დამატებით მინიმუმ 1.8 ლარი, ან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საერთოდ გათიშონ 6 ქართული არხი. (რუსთავი2, მარაო, კომედი არხი, იმედი, მაესტრო, GDS)

თუ ზემოთ მოცემული  ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ „მაგთისა“ და ტელეკომპანიებს შორის შედგა ფიქტიური (თვალთმაქცური) შეთანხმება, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს კონკურენციის გაქრობა ბაზარზე და ყველა ტრანზიტორი კომპანიის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება – იძულება თავის მომხმარებელს დაუწესოს დამატებითი გადასახადი, ან სრულიად შეწყვიტონ ქართული ტელეარხების გავრცელება.

დღეის მდგომარეობით 99 ტრანზიტორი კომპანიიდან (მაგთი, სილქნეტი, Myvideo.ge, გლობალTV და სხვა), აბსოლუტური უმრავლესობა უარს აცხადებს საკუთარ მომხმარებლისათვის  დამატებითი ტარიფის განსაზღვრაზე.  ქართული ტრანზიტორების განცხადებით გაუგებარია მსხვილი სატელევიზიო არხების მოთხოვნა დამატებითი მილიონების ანაზაურებაზე, მაშინ როდესაც, მათი სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულიად უფასოდ ვრცელდება და მათი დაჭერა მარტივი მოწყობილობითაა შესაძლებელი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ერთადერთი კომპანია რომელმაც მიმდინარე ეტაპზე ტელეარხების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თავის აბონენტებს დამატებითი გადასახადი განუსაზღვრა  მაგთიკომია. შესაბამისად ერთი რამ ნათელია – ასეთი ქმედებები ხელს უშლის ჯანსაღ კონკურენციასა და საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მომხმარებელს აზიანებს – მონოპოლისტები მუდმივად ზრდიან საკუთარი პროდუქციის ფასს ხარისხის უგულვებელყოფის ფონზე, რისი ნიშნებიც უკვე გამოკვეთილად ჩანს. საბოლოო ჯამში ვიღებთ უკვე კარგად ცნობილ სურათს, როდესაც რიგით მოქალაქის ჯიბიდან უფრო და უფრო მეტი ფული იხარჯება, ხოლო მონოპოლისტების ჯიბეები კი სქელდება.