მეტროს გაფიცული თანამშრომლები მზად არიან დათმობაზე წავიდნენ

მეტროს გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ ცდილობენ პრობლემები შეუქმნან საზოგადოებას და მზად არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მათივე თქმით, კახა კალაძის განცხადება, იმის შესახებ, რომ მემანქანეების ანაზღაურება 1400-დან 1800 ლარამდეა, სიმართლეს არ შეესაბამება. გაფიცულების თქმით, მათი ყოველთვიური შემოსავალი, დანამატისა და ღამის მოცდენის საათების ჩათვლით 1200 ლარს შეადგენს.

„ჩვენ აბსოლუტურად არ ვსაუბრობთ შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით. ჩვენ ყოველ წუთს მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობებზეც წავიდეთ. ჩვენ არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნას. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო, შეეზღუდათ თავიანთთვის დანამატები, პრემიები და ა.შ. და იმ თანხებიდან მომხდარიყო მუშა-პერსონალისთვის ხელფასის გაზრდა. ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400-დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი, პლიუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის, ღამის მოცდენის საათები – 31 ლარი და 60 თეთრი და მთლიანობაში, ხელზე ასაღები თანხა გამოდის 1200 ლარამდე“,-განაცხადა მეტროს თანამშრომელმა ნუგზარ გაგუამ.

">