„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები“

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის მზად არის დაელაპარაკოს რუსეთის ლიდერს არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

„რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩემი აზრით არის სწორი. ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს, რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი, რაციონალური დიალოგი ნიშნავს, მოდით თქვენ, თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით და ჩვენ მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ.

„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ მისი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში იქნება თუ მოსკოვში თუ პეტერბურგთან. აქედან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით. ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი.

ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს „ძერჟავას“ ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს „ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძერჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე ან უკეთეს ჯანდაცვამდე და ეს ფაქტია“,-განაცხადა მარგველაშვილმა.