ირაკლი შავაძე: მე რომ მართალი ვარ, ამ სიმართლეს ჩვენ ძალიან მარტივად დავამტკიცებთ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯოდომარესა და მოსამართლე ირაკლი შავაძეს ელოდებიან. შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი შავაძემ განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო სხდომა ღია ყოფილიყო და მას სახალხო დამცველი და მედიასაშუალებები დასწრებოდნენ, თუმცა იუსტიციის საბჭომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ვითხოვდი, რომ სხდომა ყოფილიყო ღია და დასწრებოდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე თუ შესაძლებელი იქნებოდა, დასწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, მაგრამ როგორც მითხრეს, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და სხდომა იქნება დახურული. მე დახურულ სხდომაზეც არ მაქვს პრობლემა, ვისაუბრო იმაზე, რაზეც დღემდე ვსაუბრობდი. სიმართლე რომ ვთქვა, საბჭოსგან მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, იცით, რომ ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და სხვა ორგანიზაციებიც. მე რომ მართალი ვარ, ამ სიმართლეს ჩვენ ძალიან მარტივად დავამტკიცებთ. მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე გავიარო შემოწმება და ყოველი სიტყვა, რაც მე დღემდე მითქვამს, დადასტურდება, რომ არ ვტყუი“,-განაცხადა შავაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოთავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლოთავმჯდომარესა და მოსამართლე შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ დავით მამისეიშვილი ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

">