“მათ აქვთ წყურვილი სცადონ, ხელისუფლების რომელიმე რგოლის ხელში ჩაგდება პოლიტიკური მანიპულაციებით“ – საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციაზე საუბრობს

ოპოზიცია ცდილობს, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპონენტებს სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ საკითხთა რიგებში გადატანაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვენეციის კომისიის წევრები ეცნობიან, რომლებიც დღეს, როგორც მმართველი გუნდის ისე ოპოზციის წევრებს ხვდებიან.

შეხვედრა ოპოზიციასთან უკვე დასრულებულია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია ვერ მოახერხებს შეაფერხოს, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი.

„ოპოზიცია ამ შემთხვევში ცდილობს, რომ ეს საკითხი გადაიტანოს და გადაქაჩოს როგორმე პოლიტიკურ დღის წესრიგში და გადაქაჩოს პოლიტიკურ დისკუსიაში, თუმცა რაც არ უნდა სცადოს ოპოზიციამ, სამართლებრივი საკითხისგან შექმნას მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ ისე ვენეციის კომისიასთან ერთად რომ იქნება მიღებული სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებები ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით,”- აღნიშნა თალაკვაძემ.

ოპონენტების ვიწროპარტიულ ინტერესებზე საუბრობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც. მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს. მათი სურვილია ხელისუფლების რომელიმე რგოლის ხელში ჩაგდება.

„ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ დაასახელებს, რომელ რეკომენდაციებს ეფუძნება მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტები. დაგვისახელონ ევროსაბჭოს რომელიმე რეკომენდაცია, რომელზეც დაყრდნობითაც შეიმუშავეს ეს კანონპროექტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გააჩნიათ მხოლოდ ერთი ინტერესი, ეს არის პოლიტიკური ვიწროპარტიული ინტერესი. მათ აქვთ წყურვილი სცადონ, ხელისუფლების რომელიმე რგოლის ხელში ჩაგდება პოლიტიკური მანიპულაციებით,“-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ვენეციის კომისია პირველად დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით 19 აპრილამდე წარადგენს. სწორედ ამ დროისთვის გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

">