მარნეულის ინციდენტში დაზარალებულის შვილის ინფორმაციით, კონფლიქტსა და ვიდეოს გადაღებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა

მარნეულის ინციდენტის დროს დაზარალებულის შვილის ინფორმაციით, კონფლიქტსა და ვიდეოს გადაღებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მხოლოდ მარნეულის მერის დაკავება საკმარისი არ არის. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ იყო მისი მამა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რადგან ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

„ეს შემთხვევა თუ არ ვცდები, 10 ივნისს, საღამოს მოხდა, როგორც გავიგე, მას მოაკითხეს და მანქანაში ჩასვეს, ინციდენტში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა. ვინ და რატომ ჩაიდინა ეს, მე დაზუსტებით არ ვიცი. ამბობენ, რომ თემურ აბაზოვიც იქ იყო, ხალხი ასევე ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებიც იყვნენ. ამ ინციდენტამდე კი ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა, სადაც ჩხუბი მოხდა. არ ვიცი რატომ იყო ან მიტინგზე ან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რადგან ყველამ იცის, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია“,-განაცხადა დაზარალებულის შვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატის აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ დაიწყო.