მალხაზ კობაურის დედა: ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ

ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა აცხადებს, რომ მის შვილს აშანტაჟებენ. მარიამ მარტიაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მისი შვილი პატიმრობაში არ უნდა დაეტოვებინა.

„ჯერ კარგად დაამუშავეს ჩემი შვილი როგორც უნდოდათ, ისე და მერე აუყვანეს ადვოკატი. ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ. ვიღაც უდგას უკან, არ ვიცი სხვა არაფერი. თქვა, მაშანტაჟებდნენ და ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდნენ”, – განაცხადა მარტიაშვილმა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ ბექაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულმა, მალხაზ კობაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი მას არ მოუკლავს, ბრალდებულის თქმით, სმიტების ოჯახის წევრები ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა.

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, – განაცხადა კობაურმა.