ნინო ლომჯარია პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესს სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა. ასევე უცნობია, თუ რატომ არ მოხდა არცერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის.

კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭირვალე პროცედურა.

წყარო: რუსთავი 2

">