ლიტვის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში, ლიტვის ქ. კაუნასში საქართველოს დღეები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და საქართველო-ლიტვის ისტორიული კავშირების შესახებ ისაუბრა. სიტყვით ასევე წარსდგნენ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის რექტორი იუოზას აუგუტისი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩომ და ქუთაისის უნივერსიტეტმა აუდიტორიაში მუდმივი ექსპონირებისთვის კაუნასის უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცეს შოთა რუსთაველის ბარელიეფური პორტრეტი, ფოტომასალა საქართველოს ხედებით, ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები, ქართული ანბანისა და ქართველი პოეტების კომპაქტ-დისკები, უცხოელებისთვის განკუთვნილი ქართული ენის სახელმძღვანელოები.

ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტთან და გამოითქვა მზაობა ქუთაისის უნივერსიტეტში გაიხსნას ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, კაუნასს ქ. ქუთაისის მერიისა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. საქართველოს დღეები ლიტვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის, ქ. კაუნასის მუნიციპალიტეტის და კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.​

/</a></iframe>