ლევან ყიფიანს პროკურატურაში 17:00 საათზე ელოდებიან

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი კიდევ ერთხელ გამოიძახა. ყიფიანს თბილისის პროკურატურაში 17:00 საათზე ელოდებიან. უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, მათ შორის „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები და თანამშრომლები, ასევე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ამასთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა ზაზა ოქუაშვილი, თუმცა ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადებულა.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

">