„ლაპარაკია იმ რაღაცა ფაციფუცზე, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენმა ერთმა კოლეგამ“

უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის რყევა და დესტაბილიზაცია ოპონენტი მხარის ამოცანაა და დავით ჭიჭინაძის ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემთხვევა.

„ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ რასაკვირველია, იცოდა. მე ძალიან მიკვირს, რომ ბრიუსელის ვიზიტი, გერმანიის კანცლერის ჩამოსვლა, ამ თემების აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს და ლაპარაკია იმ რაღაცა ფაციფუცზე, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენმა ერთმა კოლეგამ.

ჩვენთან კრიტიკული აზრის გამოთქმის, კამათის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, არსებობს მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს ოპონენტ მხარეს, ეს არის დესტაბილიზაცია და ეს არის მმართველი გუნდის რყევა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დათო ჭიჭინაძე აკეთებს, არ მგონია რომ ის შეგნებულად გადავიდა ამ ნაბიჯზე“,-განაცხადა ვოლსკიმ.

">