ლადო ვარდოსანიძე: “ნუ მოგვერიდება, ხრუშჩოვკებთან დაკავშირებით ვნახოთ, როგორ ჩაანაცვლეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში”

თბილისში 4-5-სართულიანი დაახლოებით, 512 “ხრუშჩოვკაა”, სადაც 12 000 ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 600 000 კვ/მეტრი ფართი უკავიათ. ეს შენობები, ძირითადად, ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ვარკეთილში, ნავთლუღში, დიღომსა და კრწანისშია განთავსებული. სწორედ ამ ბინების ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს თბილისის მერია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა “ხრუშჩოვკა” არ არის ავარიული, შესაბამისად, ეს საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

“მოგეხსენებათ, ძველი 5-სართულიანი შენობების თითქმის 100% პრივატიზებული ბინებია, ამხანაგობებია შექმნილი და თუ ერთი ადამიანიც კი იქნება წინააღმდეგი, ვერ დაინგრევა. ამიტომ უნდა შესთავაზო გაცილებით უკეთესი პირობები, ადგილები ან მეტი ფართი ახალი ბინის აშენების შემდეგ.

ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ დეველოპერების მიმართ ნდობა, გარკვეული მიზეზების გამო, ნაკლებია. ახლავე თუ მისცემენ ბინებს, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, დათანხმდება, მაგრამ, პრაქტიკიდან გამომდინარე, მენაშენეებს არ სჯერათ, რომ დათქმულ ვადებში დასრულდება კორპუსები, ამიტომ ინვესტორს არ უღირს, ყველა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

მერიას გათვლილი უნდა ჰქონდეს ზუსტი საინვესტიციო პირობები, რომლებიც მიმზიდველი იქნება ბიზნესისათვის. მიზანი უნდა იყოს ავარიული შენობების ჩანაცვლება. არ მგონია, რომ ყველა “ხრუშჩოვკა” ავარიულია. ეს უნდა იყოს საბინაო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია საბინაო კოდექსი”, – აცხადებს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

ნუ მოგვერიდება ნახვა, როგორ კეთდება ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იქნება ეს ბალტიისპირეთი თუ ჩრდილოელი მეზობელი. დავცალოთ პოლიტიკისაგან მსგავსი გამოცდილება და შევხედოთ, როგორ გათავისუფლდა მოსკოვი საბჭოთა კორპუსებისაგან. ნუ ვიქნებით კონიუნქტურის მსხვერპლნი და ვისწავლოთ ის, რაც ჩვენ ახლა დავიწყეთ, პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებმა კი წარმატებით დაასრულეს.

არაფერი გაკეთებულა, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებისა, რაც ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტორატისათვის იყო საჭირო. ამასობაში ხელმეორედ დაინტერესდა გაერო-სთან არსებული ორგანიზაცია და გადავუგზავნე კვლევა, რომელიც არის საბინაო პოლიტიკის კონცეფცია. არსებობს ეს სტრატეგია და იქნებ ვინმე დაინტერესდეს სპეციალისტების აზრითაც. შედეგად გვექნება ნაკლები ჩაგდებული ტენდერი და მეტი განვითარება ქალაქისათვის”, – განაცხადა ურბანისტმა.

">