„უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების მიწერა ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა“

უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილი ღია წერილს, სადაც ის საქართველოს პრემიერმინისტრს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას სთხოვს, გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებით, მისთვის მიუღებელია უმრავლესობის ფარგლებში საჯარო წერილების მიწერა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების მიწერა პრემიერმინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს რეგიონში.

მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან, ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.