კვირიკაშვილი: „26 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემის დანერგვის დაწყება“

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვერ დაინერგა გამართული საპენსიო და კაპიტალის ბაზრის სისტემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ჩვენ ვიწყებთ მეორე შრის საპენსიო სისტემების დანერგვას. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემის დანერგვის დაწყება. ეს არის ძალიან რთული რეფორმა, უდიდესი ინსტიტუციური მასშტაბით და ეს არის რეფორმა, რომლის გადადინების ეფექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არამხოლოდ უზრუნველყოფს დღეიდან 15-20 წლის შემდეგ მომავალი პენსიონერების ღირსეულ სიბერეს, არამედ იგი ასევე დააგროვებს ყოველწლიურად ასეულ მილიონობით გრძელვადიან საინვესტიციო რესურსს ადგილობრივ ვალუტაში, რომელიც ჩაისხმება ეკონომიკაში და გახდება ახალი ძრავა ეკონომიკური განვითარების.

ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის პარალელური განვითარება. ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან ერთად გავაკეთეთ არსებული მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა. შემუშავებულია საგზაო რუკა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევცვალოთ რეგულაციები, საფონდო ბაზარი გახდეს უფრო ინტეგრირებული ევროპულ საფონდო პლატფორმებთან და გლობალურ კასტოდიუმის ქსელებთან იმისათვის, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საქართველოში უნდა იყოს, რათა საპენსიო რეფორმიდან დაგროვილი რესურსი აითვისოს, გახდეს ინვესტირებადი მსოფლიო ინვესტორებისთვის და ასევე დანახვადი. მოკლედ, ეს არის რთული ინსტიტუციური რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის კომპონენტით და ამ რეფორმის სწორი კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენ ის წარმატებით განვახორციელოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

">