KONFETERY 2 ახალ ფილიალს ხსნის და ექსპორტისთვის ემზადება

ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია KONFETERY ანნა სუთიაშვილმა პირადი ინვესტიციით შექმნა, 4 წელია ბაზარზეა და მომხმარებელს 150-ზე მეტი ვიზუალისა და გემოს შოკოლადის ნაკრებს სთავაზობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ანნა სუთიაშვილი ამბობს, მალე თბილისში KONFETERY-ს 2 ახალი ფილიალი გაიხსნება და ექსპორტისთვისაც ემზადებიან.
„კომერსანტი“ ანნა სუთიაშვილს KONFETERY-ს შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
რამ განაპირობა თქვენი შოკოლადით დაინტერესება?
KONFETERY-ს დამფუძნებელი ანნა სუთიაშვილი: პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროში 15 წელია ვმუშაობ. ბევრს უკვირს რა საერთო აქვს იურისტს „შოკოლატიესთან“? ზოგადად, ძალიან მიყვარს შოკოლადი და თუ ვინმე საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდა, ყველამ იცოდა, რომ ჩემთვის ხარისხიანი შოკოლადი უნდა ჩამოეტანა. სწორად ამიტომ, გავაერთიანე ჩემთვის საყვარელი და საოცნებო პროფესია პროდუქტთან. ვუყურებდი ცნობილ ფრანგულ „შოკოლატიეს“ მასტერკლასებს და ჩემით ვცადე შოკოლადის დამზადება. და ასე – საქმე, რომელიც მიყვარდა, ბუნებრივად იქცა ბიზნესად, რომლის ძირითადი იდეა და მიზანი ხარისხიანი, განსხვავებული დიზაინისა და გემოების შოკოლადის დამზადება იყო და რაც მთავარია, შოკოლადის ჩუქების დამკვიდრება საქართველოში, როგორც ეს სხვა ქვენებშია. ვფიქრობ, KONFETERY უკვე მე-4 წელია წარმატებით ახორციელებს ამ იდეას.
როგორია KONFETERY-ს ასორტიმენტი, რას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებელს პირველ რიგში უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ, რომელიც არ შეიცავს არანაირ საღებავს, დანამატს და კონსერვანტებს. ჩვენთან შოკოლადის 150-ზე მეტი სხვადასხვა ვიზუალისა და გემოების ნაკრებია. ასევე გვაქვს უშაქრო შავი და რძიანი შოკოლადის დიდი არჩევანი, რომლის მომხმარებლები არიან არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებული ადამიანები, არამედ ძალიან ბევრი მშობელი, რომელიც უპირატესობას უშაქრო შოკოლადს ანიჭებს. ასევე გვაქვს შოკოლადი გლუტენის გარეშე.
და, რაც მთავარია გვაქვს განსხვავებული ხაზი – შოკოლადი, რომელიც უხდება ღვინოს. ამ პროდუქციით ბევრი ღვინის კომპანია დაინტერესდა და სხვადასხვა ღონისძიების დროს საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
KONFETERY-ს შოკოლადი უფრო სასაჩუქრე პროდუქტია და მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა დღესასწაულებზე, გვაქვს კორპორაციული შეთავაზება კომპანიებისთვის, ვთანამშრომლობთ ივენთ-კომპანიებთან.
რა ღირს თქვენი შოკოლადის ნაკრები?
შოკოლადის ნაკრების ფასი 25 ლარიდან 450 ლარამდეა.
რა ნედლეულით მზადდება თქვენი შოკოლადი?
KONFETERY-ს ხელნაკეთი შოკოლადები მზადდება საქართველოში. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს, ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებულ სუბლიმირებულ ხილს, კარამელიზებულ თხილეულს, ტროპიკულ ხილს და ა.შ.
სად იყიდება თქვენი შოკოლადი?
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე შოურუმში.
როგორია KONFETERY-ის სამომავლო გეგმები?
ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები გვაქვს. პირველ რიგში კიდევ 2 ფილიალის გაიხსნება თბილისში და ასევე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომზადება პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა.