„თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა მაინც მოვიდოდა, კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება“

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ მთელი გუნდი ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდია. ჩვენ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. თუ ვინმე იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ გუნდის გარკვეული ნაწილი არ არის ეროვნული და არის ანტიეროვნული, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ საქმის კეთებას გავაგრძელებთ. დღესაც ვაცხადებ, რომ ნინია კაკაბაძე ის ადამიანი არ არის, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ჩემი აზრით, ის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გაატარებს. სერგი კაპანაძე ვიცესპიკერია და მისთვის პარლამენტს ხმა იმისთვის არ მიუცია, რომ ის კარგია, არამედ ხმა მისცა იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი. მოგვწონს თუ არა, სერგი კაპანაძე ვიცესპიკერია. გიორგი ტუღუში ჩემი მოადგილეა, რომელსაც ხმა მისცა გედევან ფოფხაძემაც. მგონია, რომ სამშობლოსთვის და ეკლესიის წინაშე „ნაციონალებზე“ მეტი ნინია კაკაბაძეს არ დაუშავებია. „ნაციონალებმა“ გაცილებით მეტი გააფუჭეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ხმა მისცა და ისინი ოპოზიცია არიან, რომელთაც საკუთარი კვოტა აქვთ.

გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე კარგია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტაა. თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა ნინია კაკაბაძე მაინც მოვიდოდა. ანუ, კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება, რადგან „ნაციონალები“ ყველა შემთხვევაში მაინც ნინია კაკაბაძეს წარმოადგენდნენ. ეს მათი დამოკიდებულებაა. ვინაიდან, ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გადავწყვიტეთ, მისთვის მხარი დაგვეჭირა”, – განაცხადა კილაძემ.

 

/</a></iframe>