კობახიძე: „ამ ინციდენტში გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი“

„აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. მიუხედავად თანამდებობისა, აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა და ამას უნდაჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პლენარულ სხდომაზე. მარნეულში მომხდარ ინციდენტს.

მისი განცხადებით, ინციდენტში, სავარაუდოდ, ადგილობრივი თანამდებობის პირების გარდა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრიც მონაწილეობდა. ირაკლი კობახიძემდეპუტატებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შემოსული წერილი გააცნო.

„რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, უდანაშაულობის პრეზუმციას ჩვენ ბუნებრივია ვიცავთ, ამ ინციდენტში გარეული იყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონ მამუკა ვასაძისგან შემდეგი შინაარსის წერილი:

„„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის შესახებ“ სქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის 11 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.