კობახიძე: „ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით  მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ მქონდა შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაძლევს თუ არ დაძლევს ვეტოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.