კლანი უნდა წავიდეს – არასამთავრობოების პროტესტი პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე

კლანი უნდა წავიდეს – ამ წარწერიანი მაისურებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში საპროცედურო კომიტეტის სხდომას დაესწრებიან.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტების განხილვა იწყება.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა დეპუტატები რომელ კანონპროექტს მიიღებენ, რადგან სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კლანური მმართველობა დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურების შესახებ სამი კანონპროექტია მომზადებული.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა. მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

">